logo
ENG



წულუკიანი ჟურნალისტს: კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ [მოსმენებზე], თითქოს დადასტურდა

22 სექ 202122:22
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი ჟურნალისტს: კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ [მოსმენებზე], თითქოს დადასტურდა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში ღამის კურიერის წამყვანი ევროკავშირის ელჩს შეადარა. ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, რატომ გაგრძელდა მოსმენები 2012 წლის შემდეგ, რაზეც წულუკიანმა პასუხის გაცემა ასე დაიწყო:

"თქვენ ახლა კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ [მოსმენებზე], თითქოს ყველაფერი დადასტურდა". 

მანვე თქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, "ზღვა მასალაში" რომელი იყო კანონიერი მოსმენა. 

"ავთენტურობას ვერავინ დაადასტურებს სერიოზულად თუ უნდათ რომ გამოიყურებოდეს, სანამ გამოძიება არ დასრულდება. ეს რომ იყოს აუდიოჩანაწერი, სადაც ერთმანეთის ხმას ვიცნობთ, შედარებით ადვილია საუბარი. ამ ტიპის სკრიპტი თქვენც შეგიძლიათ შეადგინოთ და მეც", - თქვა მან. 

დღეს, 22 სექტემბერს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადა, რომ საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში განმარტებისთვის დაიბარეს. მას კითხვებს სუს-ის მოსმენების შესახებ დაუსვამენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების მიხედვით, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენენ, მათ შორის, კარლ ჰარცელსაც

"თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია მოსმენების შესახებ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, იმიტომ, რომ ეს კითხვებს აჩენს. იცით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენის კონვენცია არეგულირებს. არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ასეთ მოქმედებებშია ჩართული. ამ მიზეზით, გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში შეხვედრაზე დაიბარეს ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომი სათანადო ნაბიჯები იქნას გადადგმული". - თქვა კარლ ჰარცელმა. 

***

გავრცელებული ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.


close დახურვა